საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის კონკურსანტის შერჩევის პირობები

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU). ევროფესტივალზე კონკურსანტის წარდგენის უფლება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებელს აქვს. 

ევროვიზიის კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს; ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდაშერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს. 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია. შესაბამისად, საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. 

ევროვიზიის კონკურსი

ევროფესტივალი გრანდიოზული ღონისძიებაა, რომლის ორგანიზებაში უამრავი ადამიანია ჩართული. ის მოიცავს: მმართველ ჯგუფს, აღმასრულებელ პროდიუსერებს, დელეგაციების ხელმძღვენელებს, პრესცენტრს, მასპინძელ ნაგებობას, სცენას, ევროკლუბს, ფანკლუბს, თემასა და ლოგოს, ევროვიზიის საიტებს, ტრადიციულ ღონისძიებებს, მკაცრად განსაზღვრულ წესებს. 

მასპინძელი მაუწყებელი, საინიციატივო ჯგუფი, ევროვიზიის აღმასრულებელი პროდიუსერი, ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროფესტივალის დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფენ. 

ქვეყანა, რომლის წარმომადგენელიც ამ პრესტიჟულ კონკურსს იგებს, შემდეგი წლის კონკურსის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს.

"ევროვიზიის გასაღების" გადაცემა

გასაღების გადაცემის ცერემონიალი ერთ-ერთი ტრადიციული ღონისძიებაა. გასული წლის მასპინძელი ქალაქის მერი "ევროვიზიის გასაღებს" მომდევნო წლის მასპინძელი ქალაქის მერს სადღესასწაულო ვითარებაში გადასცემს. გასაღები ამ ქალაქში წლის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კი მომდევნო გამარჯვებულ ქვეყანას გადაეცემა.

დელეგაციების ხელმძღვენელების შეხვედრა

დელეგაციების ხელმძღვენელების შეხვედრა ევროპის მაუწყებელთა კავშირისა (EBU) და მასპინძელი მაუწყებლის ინიციატივით ტარდება, სადაც კონკურსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. 

როგორც წესი, საქმე ეხება - კონკურსის ჩატარების წესებსა და პირობებს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობას, მონაწილეებსა და საკონკურსო სიმღერებს, რეპეტიციებს, სცენის დიზაინს, კონკურსის შემოქმედებით მხარეს, მასმედიის წარმომადგენლების დასწრებას, ფანკლუბებსა და სხვა საკითხებს.

ევროკვირეული

ევროფესტივალი წვეულებით - ევროკვირეულის გახსნით იწყება, შემდეგ წვეულებებს მართავენ მონაწილე ქვეყნების დელეგაციებიც. ნახევარფინალებსა და ფინალს წინ უძღვის პრესკონფერენციები, რეპეტიციები და კოსტიუმირებული რეპეტიცია.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები და ფინალი

ევროვიზიის კონკურსი მოიცავს ორ ნახევარფინალსა და გრანდიოზულ ფინალს. 

თუ რომელ ნახევარფინალურ საღამოზე იმღერებენ ევროვიზიის კონკურსანტი ქვეყნები, განსაზღვრული პროცედურის შედეგად ირკვევა. 

ევროვიზიიის კონკურსების მმართველმა ორგანომ (Reference Group), ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) კონკურსის პირობებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. ცვლილების თანახმად, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა, თუ რომელ ნახევარფინალურ საღამოზე მიიღებს მონაწილეობას ესა თუ ის ქვეყანა, მაგრამ სცენაზე გამოსვლის რიგითობას შოუს პროდიუსერები განსაზღვრავენ. 2013 წლამდე ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობა მარტში, დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას, კენჭისყრის შედეგად ირკვეოდა. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან: მასპინძელი ქვეყნისა და “დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.

ევროვიზიის გამარჯვებული

ევროფესტივალზე გამარჯვებულს მაყურებელი და ჟიური გამოავლენენ. 

მაყურებელს უფლება არ აქვს ხმა თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მისცეს. ფინალის დასრულების შემდეგ, მონაწილე ქვეყნების სპიკერები პირდაპირ ეთერში აცხადებენ, თავისი ქვეყნის ხმის მიცემის შედეგებს; უმაღლესი შეფასებაა - 12 ქულა. 

ევროვიზიის ფინალისტის გამოსავლენად მაყურებელი და ჟიური თანაბარი უფლებით სარგებლობენ. ევროპა რჩეულს ხმის მიცემის შედეგად ირჩევს 

ტრადიციად იქცა, რომ ანტრაქტების დროს სცენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული ევროვიზიის წინა წლების მონაწილეები, გამარჯვებულები, ან სხვა ვარსკვლავები გამოდიან.

ევროვიზია 2016 - წესები

2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში.

წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთიანად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. წელს კი მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე გამოცხადდება. 

ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდგე დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელი და ჟიური შეაფასებენ მონაწილეებს  1-დან  8, 10, 12 - მდე ქულათა სისტემით. შედეგები ცალ-ცალკე გამოცხადდება.

ხმის მიცემის ამ გართულებულ სისტემაში შედეგების წინასწარი პროგნოზირება (წინა კონკურსებისგან განსხვავებით) რთული იქნება. გამარჯვებულის ვინაობას შოუს დასასრულს წამყვანები გაახმიანებენ.


2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის - წესები - გამარჯვებულის გამოვლენა.



საბავშვო ევროვიზია 2017 - წესები

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა. 2017 წელს, კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს.

საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება. მაყურებელს 16 ქვეყნის მონაწილეებს შორის, მაქსიმუმ ხუთი ფავორიტის შერჩევა და მოწონება შეეძლება.

ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 26 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე 16-ვე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით განახლდება. ონლაინ ხმის მიცემის შედეგი კონკურსანტთა ანგარიშის დაფაზე ქულებად აისახება.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდება.

ხმის მიცემის ვიდეო ინსტრუქცია.



საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 2003 წელს გაიმართა. მისი ჩატარების წესები ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებისგან განსხვავებულია.

ევროვიზიისგან განსხვავებით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ავტომატურად, გასული წლის გამარჯვებულ ქვეყანაში არ იმართება. გამარჯვებულ ქვეყანას შეუძლია კონკურსის მასპინძლობაზე უარი განაცხადოს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ერთდროულად 18 ქვეყანაზე მეტს მონაწილეობა არ შეუძლია, ევროვიზიის შემთხვევაში კი დასაშვებია 45 ქვეყანა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში თავდაპირველად 8- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, თუმცა შემდეგ წლიდან წლოვანების ლიმიტი 9- დან 14 წლამდე შეიცვალა.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა სახელმწიფო, მშობლიურ ენაზე უნდა შესრულდეს (დასაშვებია, ტექსტის 25 პროცენტი იყოს სხვა ენაზე ). ევროფესტივალის შემთხვევაში კი კონკურსანტი სიმღერის ენის არჩევაში თავისუფალია. სიმღერის ხანგრძლოვობა შეადგენს - 3 წუთს. მონაწილისა და სიმღერის შერჩევისა და კონკურსზე წარდგენის შემდეგ, მათი შეცვლა დაუშვებელია.

სცენაზე 2008 წლიდან რვის ნაცვლად ექვსი ბავშვი დაიშვება. კონკურსანტმა სიმღერა უნდა შეასრულოს ცოცხლად, ფონოგრამაზე მხოლოდ ბექ-ვოკალი და არანჟირება შეიძლება შესრულდეს.

საბავშვო ევროვიზიის წესის შესაბამისად, ხმის მიცემის პროცესში კონკურსანტი ქვეყნები მონაწილეობენ, თუმცა ქვეყანას თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. ცვლილება, რომელიც საბავშვო ევროფესტივალზე 2008 წლიდან ამოქმედდა, კონკურსში ჟიურის ჩართვაა. თუ მანამდე გამარჯვებული SMS-ების საშუალებებით ვლინდებოდა, ახლა ფინალისტის გამოსავლენად მაყურებელმა და ჟიურიმ (50/ 50 % - ზე) თანაბარი უფლება მიიღეს.

2008 წლიდან, ნაციონალური ჟიური 6 წევრისგან შედგება. ისინი არიან 16 წელს გადაცილებული პროფესიონალი მუსიკოსები. 2012 წლიდან არსებობს საბავშვო ჟიურიც (ერთი წარმომადგენელი თითო კონკურსანტი ქვეყნიდან). დიდების ევროვიზიისგან განსხვავებით, ბავშვებზე სტრესის ზემოქმედების შემცირების მიზნით, ხმის მიცემის დეტალური მონაცემები არ ქვეყნდება.

ფინალური კონკურსის დასრულების შემდეგ, კონკურსანტი ქვეყნების სპიკერები პირდაპირ ეთერში აცხადებენ, თავისი ქვეყნის ხმის მიცემის შედეგებს; ბავშვებზე სტრესის შემცირების მიზნით, ყველა მონაწილეს ავტომატურად ენიჭება 12 ქულა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრმა 31 ქვეყანამ მიიღო. მონაქილე ქვეყნებიდან წარმატებულები აღმოჩნდნენ: საქართველო (გაიმარჯვა 2-ჯერ), ბელორუსი (გაიმარჯვა 2-ჯერ), სომხეთი (გაიმარჯვა ერთხელ, II ადგილი დაიმსახურა 2-ჯერ), რუსეთი (გაიმარჯვა ერთხელ, II ადგილი დაიმსახურა 2-ჯერ), ესპანეთი (გაიმარჯვა ერთხელ, II ადგილი მოიპოვა 2-ჯერ).

საბავშვო ევროვიზია 2016 - წესები

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და მალტის მაუწყებელმა (TVM) საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გაახმიანეს.

საბავშვო ევროვიზია, გასულ წლებში შაბათობით, როგორც წესი, საღამოს საათებში ტარდებოდა. კონკურსის ორგანიზატორებმა საღამოს და ღამის საათებში აქტიურობა ბავშვებისთვის შეუფერებლად ჩათვალეს. მათი გადაწყვეტილებით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსი მალტის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალეტაში კვირას, 20 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიმართება.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კონკურსანტი ბავშვების ასაკს უკავშირდება. კონკურსში თავდაპირველად 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, თუმცა 2007 წლიდან წლოვანების ლიმიტი 10-დან 15 წლამდე შეიცვალა. 2016 წელს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, კონკურსში მონაწილეობას 9-დან 14 წლამდე მომღერლები მიიღებენ.

თავდაპირველად საკონკურსო სიმღერა ბავშვის მიერ უნდა ყოფილიყო დაწერილი, თუმცა 2008 წლიდან ეს წესი შეიცვალა - საკონკურსო სიმღერა პატარა შემსრულებლის თანამონაწილეობით იქმნებოდა, ანუ კომპეტენტურ მუსიკოსს დახმარება შეეძლო, თუმცა სიმღერაზე საავტორო უფლება ბავშვს ეკუთვნოდა. 2016 წლიდან კონკურსის წესები ბავშვს სიმღერის ავტორობას, ან თანაავტორობას აღარ ავალდებულებს. ბავშვმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სიმღერის შექმნაში, იგულისხმება, რომ მას უფროსები დაეხმარებიან. 

2016 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში - ხმის მიცემის პროცესს ტელემაყურებელი გამოეთიშა. კონკურსის გამარჯვებულს ხმის მიცემის შედეგად, პროპორციულად - პრინციპით 50%/50% პროფესიონალური ჟიური და საბავშვო ჟიური გამოავლენენ.

წელს განსხვავებული იქნება ხმის მიცემის შედეგების გამოცხადების პროცესიც. პირველად ეკრანზე გამოჩნდება პროფესიონალი ჟიურის ხმის მიცემის შედეგები, შემდეგ სპიკერი-ბავშვები, თითოეული ქვეყნიდან, საბავშვო ჟიურის ხმის მიცემის შედეგებს გამოაცხადებენ.

კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უმთავრესად, ბავშვებზე სტრესის ზემოქმედების შემცირებას ისახავდა მიზნად და იმასაც, რომ კონკურსი კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.