საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

დღეს საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

დღეს საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება.

ევროვიზია 2017-ს კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიოერეა იქნება. ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძე კი ფინალში მეცხრე ნომრად გამოვა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით „გულის ხმა“ წარდგება. კომპოზიციის ავტორია გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი – თემო საჯაია.

კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. მაყურებელს 16 ქვეყნის მონაწილეებს შორის, მაქსიმუმ ხუთი ფავორიტის შერჩევა და მოწონება შეეძლება.

ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა დღეს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე 16-ივე კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება. ონლაინ ხმები კი კონკურსანტთა ანგარიშის დაფაზე ქულებად აისახება.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდება.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე და საკონკურსო კომპოზიცია ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი – ზაზა შენგელია, მომღერალი – მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი – დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი – ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი – გიორგი ასანიშვილი.

საბავშვო ევროვიზიის გენერალური რეპეტიცია გუშინ გაიმართა.