EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე კიევში 29 აპრილს მიემგზავრება

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე და საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრებიან.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ქართველი მონაწილე კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, ევროფესტივალის სცენაზე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის. რეპეტიციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა). გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.