EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე სიმღერის Keep the Faith განახლებულ ვერსიას ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულებს

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - Keep the Faith განახლებულ ვერსიას ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე, დღეს, პირველად, შეასრულებს.

ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილი კონცერტი ევროპის მოედანზე, 21:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

სიმღერის Keep the Faith ავტორები ანრი ჯოხაძე და თამარა გაჩეჩილაძე არიან. Keep the Faith ახალი არანჟირებით "ბრავო სტუდიაში" ჩაიწერა. ბექ-ვოკალში წარმოდგენილია ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტთა 25-კაციანი გუნდი, ვახტანგ გაბიძაშვილის დირიჟორობით. 

რამდენიმე დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია შედგება. სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლზე მუშაობა თითქმის დასრულებულია.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 9 მაისს, კონცერტის პირველ ნახევარში, იმღერებს.